logo
ENG



ონლაინ გაყიდვები შეწყდა - მოქალაქეების მდგომარეობას მთავრობა უფრო ამძიმებს

01 აპრ 202020:09
3 წუთის საკითხავი
 

სახლში დარჩენილი მოქალაქეების მდგომარეობას მთავრობა კიდევ უფრო ამძიმებს და უმუშევართა რიგებს ზრდის. საქართველოში ონლაინ გაყიდვები შეწყდა და დისტანციურად ვერაფერს იყიდით, გამონაკლისი სურსათის. სხვა სახის პროდუქციის მიტანის მომსახურება მთავრობის დადგენილებით გაჩერდა. აკრძალვა ეხება საყოფაცხოვრებო ტექნიკის და წიგნების ონლაინ შეძენასაც კი. ეს რეგულაცია, ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, პრაქტიკულად გააკოტრებს ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ სავაჭრო ობიექტებს, რომელიც პროდუქციის ონლაინ რეალიზაციაზე იყო გადასული. ადამიანები მასიურად დაკარგავენ სამსახურებს და შემოსავალს.

აკრძალვას მწვავე პროტესტი უკვე მოჰყვა მომხმარებლებში, ვისთვისაც თვითიზოლაციის პირობებში ონლაინ გაყიდვებს ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მათთვის გაუგებარია, რატომ აკრძალა ხელისუფლებამ ეს ეკონიმიკური საქმიანობის სფერო, როცა იტალიის ყველაზე ეპიდემიურ რეგიონებშიც კი ონლაინ გაყიდვები არ შეჩერებულა. საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება ალკოჰოლური სასმელების სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება, თუმცა სასმელის გაყიდვის უფლება მთავრობამ ქსელურ მაღაზიებს დაუტოვა. მთავრობის შერჩევითი მიდგომა და არაკონკურენტული გარემოს წახალისება საზოგადოებას კითხვებს უჩენს. 

შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია არ აქვს ონლაინ სერვისით მომუშავე ყველა კომპანიას. მათი ნაწილი ონლაინ შეკვეთას და მიტანის სერვისს მომხმარებელს ისევ სთავაზობს. ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელი კი აცხადებს, რომ მას ოფიციალურად არავინ დაკავშირებია

ონლაინ გაყიდვის აკრძალვის შესახებ ინფორმაცია კომპანიებმა 30 მარტის დადგენილებით გაიგეს. ისინი ამბობენ, რომ შეზღუდვა მათ ეკონომიკურ ზარალს მოუტანს, თუმცა სხვა გზა არ აქვთ. 

„ეკონომიკაზე შეტევა“ - ასე აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლები ონლაინ გაყიდვების შეჩერებას. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ დადგენილება კომპანიების დახურვას და შავი ბაზრის წარმოქმნას გამოიწვევს. ოპოზიცია ხელისუფლებას დადგენილებაში გადახედვას ურჩევს. 

რა კავშირი აქვს კორონავირუსს და ონლაინ გაყიდვას, გაუგებარია არასამთავრობო სექტორისთვისაც. გიორგი მშვენიერაძის თქმით, მოსახლეობას კვების გარდა სხვა საჭიროებებიც აქვთ. მესამე სექტორი ხელისუფლებისგან განმარტებებს ელოდება. 

მოსახლეობის უკმაყოფილება და გაურკვევლობა ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის აკრძალვამაც გამოიწვია. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ალკოჰოლის შეძენა სასურსათო მაღაზიებში არის შესაძლებელი. ვიდრე მარაგები საკმარისი იქნება. ალკოჰოლის მწარმოებელ და შემომტან კომპანიებს ეკონომიკური საქმიანობა ამავე დადგენილებით აეკრძალათ. 

დაწესებული შეზღუდვების და კომენდანტის საათის გამო მოსახლეობა პროდუქტის და წამლების შეძენას ჩქარობს. ამ დრომდე რიგში მდგომი მოქალაქეები კორონავირუსის წინააღმდეგ დადგენლ ყველა წესს იცავენ.


close დახურვა